logo
ENG



მელია პარლამენტში შესვლაზე: შემიძლია, დღესვე ვთქვა, მაგრამ ფართო საზოგადოებას უნდა შევხვდე

14 მაი 202114:15
3 წუთის საკითხავი
 
მელია პარლამენტში შესვლაზე: შემიძლია, დღესვე ვთქვა, მაგრამ ფართო საზოგადოებას უნდა შევხვდე
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება ბევრს მიღებული აქვს, თუმცა საბოლოო განაცხადამდე სურს, რეგიონებში მხარდამჭერებს შეხვდეს. 

"კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული. წინ შეიძლება, ბევრი არაფერი მიდგას, ჩავატარო დღეს საღამოს ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება, ანუ ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად განსაკუთრებით, არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას და რატომ? სულ რაღაც 4 დღეა ვარ იქ, სადაც ვარ. არ მინდა უბრალოდ, რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება.

მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც ვწელავ დროში ამ პროცესს", - თქვა ნიკა მელიამ. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 


close დახურვა