logo
ENG



მერიამ წერეთლის რეაბილიტაციისთვის 4 კომპანიასთან, ₾17 მლნ ნახევრის კონტრაქტი გააფორმა

17 იან 202412:13
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.

მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი. 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, 4-ვე კომპანია "ჩაერთო სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს".

"4-მა კომპანიამ გამოთქვა მზაობა წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისად, გავიარეთ ამ 4 კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიები არიან კომპანია ენკო, პარმა, ჯეუ გრუპი და ბლექ სი გრუპი, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. 

ცნობილია, რომ ბლექ სი გრუპთან გაფორმდება 4 მილიონიანი ხელშეკრულება, ყველაზე დიდი ხელშეკრულება კი გაფორმდება პარმა ჯგუფთან.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".

ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ".

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება.


close დახურვა