ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალია და ხელისუფლებამ დაიწყო ხალხის შეგუების პოლიტიკა - ამბობენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები. მათი განცხადებით, ჰესების მოწინააღმდეგეების მისამართით ხელის გაშვერის ნაცვლად მთავრობამ ხალხთან სწორი კომუნიკაცია უნდა აწარმოოს.
„გამოგონილი მიზეზების ნაცვლად მთავრობამ უნდა აწარმოოს სწორი კომუნიკაცია ხალხთან, თუ რატომ უნდა აშენდეს ჰესები, რათა არ მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, როგორიც იყო, მაგალითად, პანკისში,“ - აცხადებს გიორგი კეპულაძე, „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე.
სპეციალისტები ენერგეტიკის სფეროში ტარიფის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად უცხოური ინვესტიციების შემცირებასაც ასახელებენ. ოფიციალური მონაცემებით 2017 წლის შემდეგ ინვესტიციები ყოველ წელს მცირდება. 2018 წელს 2017-თან შედარებით 160 მილიონი დოლარით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა. წელს კი ეს მაჩვენებელი უკვე 57 %-ითაა შემცირებული. შემცირებულ ინვესტიციებს მოსახლეობის პროტესტს აბრალებს ინფრასტრუქტურის მინისტრიც.
მინისტრებისა და სემეკის თავმჯდომარის განცხადებას არ ეთანხმებიან პარლამენტში. „ქართული ოცნების“ დეპუტატი რომან კაკულია ამბობს, რომ ტარიფები გაიზრდება და ამ საკითხის ჰესების მშენებლობასთან მიბმა არასწორია. ოპოზიციაში კი ხელისუფლებას ურჩევენ , რომ ხალხისთვის დაბრალების ნაცვლად, ეკონომიკურ განვითარებისთვის სწორი ნაბიჯები გადადგან.
შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ 3-წლიანი ვადით დღეს, 22 ოქტომბერს დაამტკიცეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოსტია. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება ყოველთვიურად 14 ათასი ლარია ანუ დავით ნარმანია სამი წლის განმავლობაში ამ პოსტზე ნახევარ მილიონ ლარს გამოიმუშავებს.