ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრებში ახალი გარემოებები იკვეთება. ტელეკომპანია ფორმულას მოპირდაპირე მხარეს მდებარე ვიდეო სათვალთვალო კამერა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის იმ რაკურსს გვაჩვენებს, რომელიც აქამდე ჯერ არ გვინახავს.
ფორმულამ გაშიფრა კადრები და ეპიზოდის მთავარი გმირები - ორი BMW-ის მარკის ავტომობილი და მათი მფლობელები იპოვა. ახალი რაკურსით მოპოვებული კადრებიდან ჩანს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მასშზი 10-ზე მეტი პირი იყო ჩართული.
კადრების თანახმად, მიშა მშვილდაძეს თავდასხმამდე უთვალთვალებდნენ. იმ დროს, როდესაც მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია ფორმულას შენობიდან კარფურის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ორი პირი ფორმულას შენობის მოპირდაპირე მხარეს იყო ჩასაფრებული და მიშა მშვილდაძის გადაადგილებას აკვირდებოდა. 19:46 წუთზე 2 ფიგურანტი კვეთს ვაჟა-ფშაველას და გარბის ფორმულას დამფუძნებლის გადაადგილების მიმართულებით, შემდეგ ნელი სვლით მიჰყვებიან სამიზნეს და ჩერდებიან მეტრო დელისის ამოსასვლელთან და თავდასხმის ადგილს ყველაზე ბოლოს, ფიზიკური ანგარიშსწორებიდან ნახევარ საათში ტოვებენ. ერთ-ერთი მათგანი მუდმივად ტელეფონზე საუბრობს.
ფორმულას დამფუძნებელი 19:47 წუთზე აფთიაქში შედის, მალევე, ორი ავტომობილი პარკინგის ადგილს ტოვებს და ზაქარიაძის ქუჩისკენ გადაადგილდება. ამ ფაქტს ადასტურებს კიდევ ერთი კამერა, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირს მოპირდაპირე რაკურსიდან აკონტროლებს. მალევე, ზაქარიაძის ასახვევიდან 4 თავდამსხმელი სწრაფი ნაბიჯით ჩამოდის, მათ შორისაა დაკავებული გუგეშაშვილიც. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სწორედ BMW-ის მარკის ავტომობილებიდან ჩამოსვეს. აქედან, 2 წუთში, მშვილდაძეს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან.
თავდასხმიდან მალევე ადგილზე ისევ ჩნდება ორი ავტომობილი, ისინი სვლას გუგეშაშვილთან ანელებენ და ზაქარიაძის კუთხეში ადიან. ამავე მიმართულებით გადაადგილდებიან სხვა თავდამსხმელებიც.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე დღეს ფორმულას დამფუძნებლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდეს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ.
ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრების მიწოდებაზე დღეს საქართველოს ბანკმა ოფიციალურად უარი განაცხადა. გუმბარიძემ აღნიშნა, რომ განსხვავებით საქართველოს ბანკისგან, სხვა ბიზნესებმა ფორმულას კადრები უკვე მიაწოდეს.
ბრიფინგზე მიშა მშვილდაძემ ჩანაწერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ამ კუთხით პასიურობს. მისი თქმით, დღეს იწურება 48 საათი მას შემდეგ, რაც მშვილდაძემ პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიიდან საგამოძიებო უწყებებს, მშვილდაძის ინფორმაციით, მხოლოდ კარფურის კამერების ჩანაწერები აქვთ ამოღებული.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".
ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა.
ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.
ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.