ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე 27 ივნისს მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და მოპოვებული კადრების საფუძველზე ვარაუდობს, რომ მასზე თავდასხმა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო ორგანიზებული.
"ჩემი შინაგანი რწმენით ეს იყო დადგმული, ორგანიზებული აქცია, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი ადამიანი, სხვადასხვა როლით" - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძემ თავდასხმის საღამო გადაცემაში პოლიტმეტრი დეტალურად გაიხსენა.
მისი თქმით, თავდასხმამდე მან გარშემო საეჭვო დეტალები შენიშნა.
მისი თქმით, იმ საღამოს საქართველოს ნაკრების თამაშის ყურებას მეუღლესთან ერთად კოჯორში აპირებდა, რისთვისაც სამსახურიდან გასვლის შემდეგ წინასწარ პროდუქტები იყიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ კოჯორში ასვლას ვეღარ ასწრებდა და გადაწყვიტა თამაშისთვის სამსახურში ეყურებინა, პროდუქტები კი მეუღლისთვის გაეტანებინა. გეგმების ცვლილებების შესატყობინებლად მან ცოლს ღია ხაზის ტელეფონით დაურეკა.
ვიდრე მას ელოდებოდა, მშვილდაძე ამბობს, რომ იქვე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ფორმულას შენობასთან ახლოს აფთიაქში შესვლა გადაწყვიტა. შესასვლელში მისი თქმით, ეცნო ადამიანი, რომელზეც იცის, რომ სუს-ში ფოტოგრაფის პოზიციაზე მუშაობს. მშვილდაძის თქმით, მისი დანახვის შემდეგ გარემოსადმი "უფრო ყურადღებიანი" გახდა.
მშვილდაძე ჰყვება, რომ აფთიაქში შეესწრო კონფლიქტს ფარმაცევტსა და მომხმარებელს, შორის თუმცა არ გაუგია რაზე საუბრობდნენ, ვინაიდან თავად ყურსასმენი ეკეთა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა აფთიაქი დატოვა, მიშა მშვილდაძის თქმით, მან ყურსასმენი მოიხსნა და გაიგო, როგორ უთხრა სუს-ის იმ ფოტოგრაფმა რომელიც კართან იცნო აფთიაქარს, "დამშვიდდით, ეს ნარკომანიაო".
"მე შევეპასუხე ამას, ფოტოგრაფს, რომ მეთქი შენ ისეთი სამსახური გაქვს, რომ ადამიანების შესახებ პირად ინფორმაციას ასე არ უნდა ყვიროდე მეთქი. ცოტათი გამოვესარჩლე მასტიგმატიზირებელ მიდგომას ნარკომანების მიმართაც. რას ჰქვია ნარკომანია?... ამაზე გაეცინა თუ რაღაც და გავიდა აფთიაქიდან. მეც გამოვედი" - ამბობს მშვილდაძე.
მშვილდაძე სუს-ის ფოტოგრაფის ამ ტერიტორიაზე ყოფნას იმით ხსნის, რომ სავარაუდოდ ფოტოგრაფმა იცოდა, რომ სუს ამ ტერიტორიაზე სპეცოპერაციას გეგმავდა, თუმცა, სავარაუდოდ, არ იცოდა, რომ მშვილდაძეზე თავდასხმა იგეგმებოდა.
აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ, მშვილდაძე ჰყვება, რომ იქვე, ბუჩქებთან გაჩერდა და ცოლს მიწერა ლოკაცია, სადაც შეხვდებოდა, მის მოსვლამდე კი კარფურში სიგარეტის საყიდლად შესვლა გადაწყვიტა.
ბუჩქებიდან გამოსვლისას მან შენიშნა, რომ იქვე 2 ადამიანი იდგა, რაც ასევე საეჭვოდ ეჩვენა. მშვილდაძის თქმით, კარფურში შესვლა ჯერ ერთი კარიდან სცადა, რომელიც დაკეტილი დახვდა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა და მეორე კარიდან შესვლა დააპირა. სწორედ მეორე კარში შესვლისას დაესხნენ თავს ზურგიდან.
მშვილდაძის თქმით, მას ძალიან ინტენსიურად ურტყამდნენ, თუმცა არ იცის, რამდენი ადამიანი ესხმოდა თავს. ამის დასადგენად მისი თქმით, კარფურის კამერის კადრები იქნება საჭირო.
მიშა მშვილდაძე ჰყვება, რომ თავდამსხმელ(ებ)ს, მისთვის არაფერი უთქვამთ და ძირითადად, სახეში ურტყამდნენ.
ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.
მიშა მშვილდაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ამ 4 ადამიანის ქცევა ნამდვილად ჰგავს კოორდინირებულს და აჩენს კითხვებს, ვინაიდან საეჭვოა, რომ 4 ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გაჩერდეს.
"ეს ორგანიზებულობის განცდა და ფაქტებიც გარკვეულწილად აშკარად მე ვფიქრობ, რომ ჩანს. ადამიანები, რომლებიც გზას აგრძელებენ, წესით, იმ მომენტში ზუსტად იქ არ უნდა გაჩერდნენ. თანაც ამ ბიჭის ქცევა, რომელსაც შავი ზედ აცვია, ნამდვილად საეჭვოა, რომელიც უკნიდან უვლის მიშას. თუ მათ გზის გაგრძელების განზრახვა აქვთ, მაშინ ისინი ამ მომენტში ერთად, სხვადასხვა ადამიანი, ცალ-ცალკე მოძრავი ამ ტროტუარზე ერთად არ უნდა გაჩერდნენ. მგონი ამაზე კითხვები უნდა დაისვას" - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
კადრებშიც ჩანს, რომ თავდასხმის დროს ახლოს, დაახლოებით 50 მეტრში დგას 2 ადამიანი, ვისზეც მშვილდაძეც საუბრობდა. ისინი თავდასხმის მომენტში გზის მხარეს იხედებიან და არ აქცევენ ყურადღებას კარფურთან თავდასხმას.
თავდასხმის შემდეგ კარფურიდან საპირისპირო მიმართულებით მოდის ნიკოლოზ გუგეშაშვილი, ცოტა ხნით აფთიაქთან ახლოს გზის პირას ჩერდება, რა დროსაც 2 სხვადასხვა მანქანა მასთან მოახლოებისას მოძრაობას ანელებს და გარკვეულ კონტაქტს ამყარებს გუგეშაშვილთან. მალევე მეორე შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც მშვილდაძეზე თავდასხმისას იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ასევე ამ მიმართულებით მოდის და ორივე მათგანი, ასევე 2 მანქანა თითქმის ერთდროულად, უხვევენ ზაქარიაძის ქუჩისკენ. მიშა მშვილდაძე და მისი ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ვარაუდობენ, რომ ეს კოორდინირებულ ქცევას ჰგავს.
ზაქარიაძის ქუჩაზე გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს, როგორ გადაადგილდება 2 მანქანა, მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი და კიდევ ერთი ადამიანი ერთი და იგივე მიმართულებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ორიდან ერთი, ვერცხლისფერი მანქანა კადრებში თავდასხმამდეც ჩანს. ის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მაშინ ჩაივლის, როცა მიშა მშვილდაძე აფთიაქში შედის, 3 წუთის შემდეგ კი როცა თავდასხმა უკვე მომხდარია, კვლავ იმავე მიმართულებით ჩამოივლის გზაზე და სხვებთან ერთად ზაქარიაძის ქუჩაზე ჩაუხვევს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ 2 ადამიანი, ვინც მშვილდაძეზე თავდასხმისას იქვე ბუჩქებთან გაჩერდნენ. 19:53 საათზე, თავდასხმიდან დაახლოებით 1 წუთში ისინი ტოვებენ ტერიტორიას, გადაადგილდებიან აფთიაქისკენ და გადადიან გზის საპირისპირო მხარეს, სადაც 17 წუთის განმავლობაში ჩერდებიან და ხან ტელეფონზე საუბრობენ ხან ერთმანეთს ესაუბრებიან. მალევე ერთ-ერთი მათგანი იწყებს სვლას ზემოთ და ჩერდება კარფურის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მშვილდაძეზე თავდასხმა მოხდა. კაცი აქ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩერდება.
მშვილდაძის აზრით, ეს ადამიანებიც სუს-თან არიან დაკავშირებულები და შემთხვევის შემდეგ ტერიტორიაზე სიტუაციის განვითარებას აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი მათგანის კარფურისკენ მსვლელობას მშვილდაძე სწორედ სიტუაციაზე ახლოდან დაკვირვების მოტივით ხსნის. აქედან 5-6 წუთში კი მეორე ადამიანი, რომელიც გზის მოპირდაპირედ გაჩერდა ავტომობილში ჯდება და თამარაშვილის მიმართულებით მიდის.
"მგონია, ამ კითხვებს აქვს ძალიან ლოგიკური ფაქტობრივი საფუძველიც იმიტომ რომ ამ ადამიანების ქცევა, ყველასი საბოლოო ჯამში და განსაკუთრებით მოძალადის და მეორე ბიჭის ქცევა, რომლებიც უკან ბრუნდებიან და შემდგომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, აშკარად იკვეთება, რომ გარკვეულ ზედამხედველობას უწევენ ან სიტუაციას აკონტროლებენ იმ პერიმეტრზე, იმ არეალში - ეს კითხვები ჩემთვის არის ძალიან ლეგიტიმური და ეს ვერსია ჩვენი მხრიდან იქნება მიწოდებული გამოძიებისთვის დეტალურად მათ შორის ამ ვიდეომასალის გამოყენებით" - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.
მიშა მშვილდაძე თავდასხმის მოტივად პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავს, რასაც გუგეშაშვილი თავის "აღიარებით პოსტში" ამბობდა. მშვილდაძე ასევე ამბობს, რომ მასზე ძალადობის მოტივი სრულად გამოგონილი და ტყუილზე დაფუძნებულია.
ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი სისტემური დანაშაულის მხილების პროცესში, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერას სთხოვს.
"ყველას გთხოვთ, რომ ვამხილოთ ეს ძალადობა, ეს სისტემური დანაშაული თუკი რამე საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმი არსებობს და ვიცი, რომ ამ საქმეს აკვირდებიან. ყველას ვთხოვ, ელჩებს, რომ მიაქციონ ყურადღება, ახლა ზეწოლის რაღაც მექანიზმების გამოყენებას შეეცდებიან - გამოძიების წინააღმდეგ, ყველას წინააღმდეგ ვისგანაც კადრებს ველოდებით, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, რომ არ გატყდნენ. ეს საერთო საქმეა. ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ასეთ ამბავში" - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".
ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
დღეს, 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.