logo
ENG



მიხეილ ჩხენკელის მეორედ მოსვლა - განათლების მინისტრად ძველი კადრი დააბრუნეს

13 ნოე 201921:03
3 წუთის საკითხავი
 
ny2j30mqts4zzbs.png

ჯერ მოხსნეს ახლა ისევ დანიშნეს, მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელად 2017 -2018 წლებში აწ უკვე ყოფილი განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, შესაბამის ბრძანებულებას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. თავად მიხეილ ჩხენკელს მის მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, ჩხენკელის მეორედ მოსვლით მათ განათლების მიმართულება გააძლიერეს. მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა ოპტიმალურად მიაჩნია განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს. მისი თქმით მთავარი რეფორმების უწყვეტობაა. ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა მიხეილ ჩხენკელის მეორედ მოსვლას.ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ჩხენკელის პოსტზე დაბრუნების გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში" საკადრო კრიზისია და თანამდებობებზე ნიშნავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სისტემის „მორჩილები" იქნებიან.

ექსპერტები მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში მომხდარ ხორავას ტრაგედიას იხსენებენ და ამბობენ რომ ჩხენკელი ის მინისტრია,რომლის უწყებამაც ხელი შეუშალა ამ საქმის გამოძიებას და მნიშვნელოვანი დეტალების დადგენას. განათლების ექსპერტ გია ნოდიასთვის კი, გაუგებარია რატომ ნიშნავენ ან ხსნიან მინისტრებს ოცნების მმართველობის პერიოდში.

მიხეილ ბატიაშვილმა წასვლისას, ქართული ოცნების მიერ გაერთიანებული სამი სამინისტროს რღვევა დაანონსა, შესაძლოა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს,  ის  დღემდე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოსტს იკავებდა განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო.

 


close დახურვა