logo
ENG



მოძალადეების მიერ ნაცემ პალიტრანიუსის ოპერატორს ოპერაცია უტარდება

05 ივლ 202117:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/wk60jcaxvf1hiwx.jpg

პალიტრანიუსის ოპერატორს, რომელსაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია უტარდება.

როგორც ნიუ ჰოსპიტალსის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, დაშავებულს თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

მისივე თქმით, კლინიკაში კვლევები აქციიდან მიყვანილ კიდევ სამ ადამიანს უტარდება.

"იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლის მოტეხილობით. ის საოპერაციოშია გადაყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტი ამჟამად არის კვლევის სტადიაში. ყველა სტაბილურია", - განაცხადა ექიმმა.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა