საქალაქო სასამართლოში დეპუტატ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავად ბრალდებული პროცესს არ ესწრება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ, დაგეგმილია მოწმეების დაკითხვაც. პროკურორის თქმით, არსებობს ორი მოწმე, რომლებიც ნიკა მელიას დანაშაულს კონკრეტული ფაქტებით ადასტურებენ.
"იქ ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა, როცა დაიწყო პარლამენტის შენობის წინ შტურმი და პოლიციელებზე თავდასხმა, ეს გამოიწვია ნიკა მელიას მოწოდებამ. მათ შორის მოწმეც აცხადებს, რომ სურვილი ექნებოდა თუ არა სხვებს, ის ამ მოსაზრებით მივიდა აქციაზე. თუმცა, მეორე და მესამე დღეს, როცა აქციაზე მივიდა, აღარ უცდია ეს. ეს უკვე მისი შეფასების საკითხია. ბრალდებულის მოწმე არსებობს, რომელიც გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, შეტევას წინ უძღოდა სწორედ მელიას მოწოდებები. მეორე მოწმეა პოლიციის თანამშრომელი, რომლის თქმითაც აქციაზე მასთან ახლოს იდგა მელია და მოუწოდებდა მელიას რომ შედიოდნენ პარლამენტში და ამავე დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს",-აცხადებს პროკურორი.
თავად მელიას ადვოკატის თქმით, პირველი მოწმე ფაქტობრივად უარყობს ნიკა მელიას მხრიდან რაიმე მოწოდებების შემთხვევას, ხოლო მეორე მოწმე პოლიციის თანამშრომელია. გიორგი კონდახაშვილის თქმით, ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ იგი წინასწარ მომზადებული იყო.
"დღეს პროკურატურამ მოიყვანა მათი მოწმეები, რაც ნიშანობრლივია მოქალაქე, რომელიც დაიკითხა და გამოძიებაში უთითებდა, რომ ნიკა მელია მოუწოდებდა პარლამენტში შესვლას, მან თქვა, რომ არავითარი მოწოდებას მნიშვნელობა არ ჰქონდა მელია რას იტყოდა. მათ თავად გადაწვიტეს და შევიდნენ პარლამენტში. მისი თქმით, საქმის მასალები წაკითხულიც არ ჰქონდა და გამორიცხა რომ პარლამენტში შესვლა ორგანიზებული იყო. მეორე მოწმე კარგად მომზადებული იყო, შშს-ს წარმომადგენელი, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ დაახლოებით 10 მეტრის მანძილიდან ესმოდა რას საუბრობდა მელია მოქალაქეებთან. ჩვენი თვალთახედვით მისი საუბარი სიმართლეს არ ასახავს და ჩვენ ამას დავადასტურებთ ",- აცხადებს ავოკატი.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ მას 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე აკრძალული აქვს საცხოვრებელი სახლის დატოვება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება.