მხატვარი შოთა აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს.
როგორც აფციაური Facebook-ზე წერს, ნამუშევარი მისი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მოუწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ აუღია ჰონორარი და მისი თანამონაწილეობა მისი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა.
"ახლახან გავგზავნე წერილი ქეთი შავგულიძის და ათინათის სახელზე. რათა მიმართონ ეროვნულ გალერეას, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაბრუნდეს გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ჩემი ნამუშევარი ჩემს ხელში რისი წამოღების ორგანიზაციაც თავად შემიძლია მოვახდინო. ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა. ამ პოსტს საჯაროდ ვწერ, რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა - 24 საათი მიღება ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად.
ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია. ასევე, ამ პოსტით, საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში, რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია.
პ.ს ყველას გთხოვთ, ნუ ესვრით ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი. ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობაა. სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა, ის რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომელიც ხშირად "მტრის" წისქვილზე ასხამს წყალს", - წერს მხატვარი.
***
4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".
მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.
11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".
სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.