logo
ENG



ნაცვლიშვილი: ივანიშვილი მთავრობაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის აღიარებას აპირებს

26 აგვ 202412:10
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილიხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს.

როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, რისთვისაც სჭირდება ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა, "ამ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის ნაწილია".

"ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს. მას შემდეგ, რაც სწორედ ივანიშვილმა რუსეთის დავალებით, ჩაკეტა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის და განზრახ გააჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე, ივანიშვილი გადადის გეგმის შემდგომ ეტაპზე: კერძოდ, ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ. ესაა გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმა...

საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

კერძოდ,

მუხლი 1.

საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

2.

საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.

რატომ სურს ივანიშვილს ამ ჩანაწერის შეცვლა?! გასაგებია რა დავალება აქვს მას მიღებული კრემლისგან. ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებას, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან ასეთი თამაში ქვეყნის ღალატია.

იგი წააგებს არჩევნებს და საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. სწორედ, ძლიერი საქართველო ემსახურება საქართველოს და არა რუსეთს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგნის მშვიდობიანი, კონკრეტული გეგმა. ეს გეგმა გადის საქართველოს გაწევრიანებაზე ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად, ასევე, ეს გეგმა გადის ანაკლიის პორტის აშენებაზე, რაც შეიძლება სწრაფად. ყველაფერი ეს კი, შექმნის კონკრეტულ რეალურ წინაპირობებს მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის.

საქართველო არის დამოუკიდებელი, მისი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ამ ქვეყნის კონსტიტუციით და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და რამდენიც არ უნდა ეცადოს მის გადაწერას კრემლის დავალებით ივანიშვილი, არაფერი გამოუვა", - თქვა ნაცვლიშვილმა.

ერთ-ერთ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში "ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს", რა დროსაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება აუცილებელი,  კერძოდ, უნდა გადაისინჯოს, ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა. 


close დახურვა