logo
ENG



ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება

14 ნოე 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან მონები და ერთი კაცის წესებს არ დაემორჩილებიან. 

როგორც ბურჯანაძემ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს. 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენ გვითხრა, თქვენ სასამართლო არ გჭირდებათო. მართალია, ისინი მონებად გვთვლიან, სანამ ჩვენს ძალას არ დაინახავენ. მონებს სასამართლო არ სჭირდებათ, მართალია ჟვანიას გადმოსახედიდან, მაგრამ არა ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ჩვენ სასამართლოც გვჭირდება, სამართალიც გვჭირდება, თავისუფლად არჩეული პარლამენტიც გვჭირდება, ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით ერთი მდიდარი კაცის მონების მიერ დაწესებულ წესებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, აქ ითქვა, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება, ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ძალიან მყარად თქვენ დგახართ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ.  ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

დღეს, 14 ნოემბერს აქციამდე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა თალაკვაძის წინადადებას აღმაშფოთებელი უწოდეს, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკიათ. 


close დახურვა