ნორვეგიის ელჩი საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება.
ჰელენ სანდ ანდრესენი შეშფოთებას გამოხატავს სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესის მიმართ და პარლამენტს ინკლუზიურობისკენ მოუწოდებს.
"შეშფოთებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესის და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების გამო. მოვუწოდებ პარლამენტს, გაატაროს ინკლუზიური მიდგომა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა გაძლიერდეს და გქონდეს საშუალება, შეასრულოს თავისი როლი, როგორც ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა და დემოკრატიის შენაძენმა". - აცხადებს ჰელენ სანდ ანდერსენი.
დღეს, 29 დეკემბერს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ 25 დეკემბერს გახდა ცნობილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან.
თუმცა, დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახალი პროექტით, ინსპექტორის 120 თანამშრომელი 2 ახალ სამსახურში გადანაწილდება.
ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. ამასთან, ის დეკრეტულ შვებულებაშია.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო".
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.