logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

05 მაი 202317:09
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს "ჯაშუშობის" ბრალდებით 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქრისტინე თაკალანძე, "საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და ქართულ სპეცსამსახურებს სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადასცემდა". დაკავების ე.წ. სპეცოპერაცია 20 ივლისს ჩატარდა.

ვიდეოში, რომელიც ე.წ. უწყებამ გაავრცელა, "დანაშაულის მტკიცებულებებად" ნაჩვენებია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი და ფურცელზე ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც, სავარაუდოდ, მას გარკვეული მედიკამენტების შეძენას სთხოვენ.

"თუ სადმე წახვედი, გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე"- წერია ფურცელზე.

კადრებში ასევე ჩანს კიდევ ერთი, ნახევრად დამწვარი ფურცელი, რომელზეც ხელით დაწერილი ტექსტია.

ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ თაკალანძის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა.


close დახურვა