"ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ" - ასე ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ათობით მედიის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია.
"დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრების და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ.
შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროპაგანდა გაცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა
დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.
სიმბოლურია, რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.
ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: თავისუფალი დემოკრატები; დროა; ევროპული საქართველო; ენმ; გირჩი- მეტი თავისუფლება; პროგრესი და თავისუფლება; დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო; კანონი და სამართალი; სტრატეგია აღმაშენებელი; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; სამართლიანობისთვის; გამარჯვებული საქართველო.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
საელჩოები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.