საჭიროა თუ არა ისევ შეზღუდვები და არის თუ არა ეს შეზღუდვები, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის თანაზომადი? - ოპოზიციაში ამბობენ, რომ - არა. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ არაადეკვატურად მკაცრი ზომები მმართველ გუნდს პოლიტიკური მიზნებისთვის ესაჭიროება, ქვეყნის გაჩერების გახანგრძლივებით კი მოქალაქეებს შიმშილისთვის იმეტებს.
პოლიტიკური პარტიები უკვე თანხმდებიან, რომ ქვეყნის ეკონომიკა რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს, კომენდანტის საათიც გაუქმდეს და საერთაშორისო ფრენებიც აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესების დაწყებას პროგნოზირებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.