logo
ENG



ოპტიმისტურად ვართ განწყობილი - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო

08 მარ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 
595bmdwns3s8sqh.jpg

შეძლებენ თუ არა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას, ეს შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. მხარეები არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში  შეიკრიბნენ. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები უცვლელი რჩება: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მომავალი არჩევნები გაიმართოს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით. 

"იმედი მაქვს, რომ 60-დღიანი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და მივაღწევთ შეთანხმებას. მგონია, რომ ახლოს ვართ ამასთან, მაგრამ ბოლო მომენტშიც საჭიროა ყველას მხრიდან მონდომება. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს თემაც იხილება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც, მათ შორისაა გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, ყველა მხარის მთავარი მიზანი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა.

"მოლოდინი მაქვს თავშეკავებულად ოპტიმისტური, თუმცა ხელისუფლება ბოლო პერიოდში სწორი მიმართულებით დაიძრა. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ყველას ინტერესებშია. არ შემიძლია წინასწარ საუბარი. იმედი და ეჭვი მაქვს, რომ დღეს იქნება საბოლოო რაუნდი", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

შედეგებზე საუბარი უჭირს "ახალი საქართველოს" ლიდერს. თუმცა, ხელისუფლების სხვა ოპონენტების მსგავსად, გიორგი ვაშაძესაც დადებითი მოლოდინი აქვს. 

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთანხმება მოხდეს. მოთხოვების ორივე კომპონენტი მნიშვნელოვანია და დაველოდოთ შედეგებს. დრო დადგა ვისაუბროთ, თუ როგორ გამოვიდეთ ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან. გვესმის, რომ ვადებიც იწურება. ან დგება შეთანხმება, ან დგება უზარმაზარი პრობლემა", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. 

ნინო ბურჯანაძის განმარტებით კი, ამ შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი წარმატება. 

"დიდი მადლობა ამერიკის ელჩსა და ფასილიტატორებს, რომლებიც აქამდე ესწრებოდნენ მოლაპარაკებების რაუნდებს. იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას და ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება", - განმარტავს ნინო ბურჯანაძე.  

 


close დახურვა