logo
ENG



ოცნების დეპუტატი: კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო

10 მარ 202323:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/10/qoervwj7nk8jl50.jpeg

ქართული ოცნების დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. 

განახლება: პოსტი დაწერიდან რამდენიმე საათში აღარ იძებნებოდა

სონღულაშვილი იმ 76 დეპუტატს შორის იყო, რომელმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

"მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა", - წერს სონღულაშვილი. 

მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.

ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა