logo
ENG



პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში, საქართველოში ვეღარ დავითვლით კუბოებს

15 აპრ 202022:09
3 წუთის საკითხავი
 
u532arcgqtupa8q.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო დიდი საშიშროების წინაშეა და შესაძლოა, რომ ქვეყანაში იტალიის სცენარი განვითარდეს.

„დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში. დღეს მთელი საქართველო რისკ-ჯგუფია. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ წყალში ჩავყაროთ ყველაფერი. არ შეიძლება ასე, ეს არ ეხება მარტო ეკლესიას. ეს ოჯახებსაც ეხება. თითო ოჯახში ხუთი, ექვსი, შვიდი ავადმყოფია. ესე სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. მოერიდეთ ერთმანეთთან კონტაქტსაც კი. ესე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია“, - განაცხადა იმნაძემ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია არ დაიკეტება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

ამავდროულად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედებულია ბოლნისსა და მარნეულშიც.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით სასულიერო პირიცაა დაინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.


close დახურვა