logo
ENG



პაპუაშვილი დეგნანზე: სახიფათო გზაა, როცა უცხოელი დიპლომატები ქართველების სახელით საუბრობენ

01 აგვ 202314:33
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი დეგნანზე: სახიფათო გზაა, როცა უცხოელი დიპლომატები ქართველების სახელით საუბრობენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს რუსების კრუიზის წინააღმდეგ პროტესტზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ "სახიფათო გზაა", როდესაც უცხოელი დიპლომატები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ.

დეგნანმა ბათუმის პორტში რუსების კრუიზის წინააღმდეგ პროტესტზე თქვა - "არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, აქვს ხელოვნურად შექმნილი "საზღვარი" და აკავებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში".

პაპუაშვილი დეგნანის ამ განცხადებას "მანიპულაციურს" უწოდებს.

"საერთოდ, ასეთი ტიპის განცხადებები უცხოელი დიპლომატებისგან არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით"- ამბობს პაპუაშვილი.

მისი აზრით, ქართველი ხალხი "უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს".

"ელჩები, თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და ელჩები თუკი რომელიმე ხალხის ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როდესაც ჩვენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გვაქვს ფაქტები ქართველი ხალხის სახელით საუბრისა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ ჰყავს თავად წარმომადგენელი და სჭირდება მას უცხოელი დამხმარე, რომ მისი აზრები გააჟღეროს.

ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს დემოკრატიული არჩევნებით და ქართველ ხალხს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს"- ამბობს პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ დეგნანის ეს შეფასება "ძალადობას ახალისებს".

"პრობლემაა, როდესაც ხდება ასეთი ისტერიის მხარდაჭერა და ისეთი შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის აშშ-ს ელჩის მხრიდან. შემდეგ ეს ახალისებს ისტერიას, იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ იქ გუშინ ვნახეთ, ახალისებს საქართველოს პოლიციაზე თავდასხმას, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ სიტყვიერი იქნებოდა თუ ფიზიკური თავდასხმა"- თქვა პაპუაშვილმა.

31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.

ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს. 

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. 

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

 


close დახურვა