logo
ENG



დეგნანი კრუიზზე: არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას

31 ივლ 202312:37
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი კრუიზზე: არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, "არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების საქართველოში შემოსვლას". ამ განცხადებით მან რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ელჩი კრუიზის შემოსვლის პარალელურად ბათუმის პორტში გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი მოსახლეობა არ მიესალმება რუსებს, გამოთქვამს პროტესტს, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებაა.

"არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ [ქართველები] მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით", - თქვა დეგნანმა.

31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.

ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს. 

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. 

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.


close დახურვა