logo
ENG



პოლონეთი უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას გეგმავს

11 იან 202319:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/swu168l38tp4o18.jpg

პოლონეთი აპირებს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ვარშავა კიევს ამ დახმარებას "საერთაშორისო კოალიციის" ფარგლებში გაუწევს, თუმცა რა კოალიციას გულისხმობდა დუდას არ დაუკონკრეტებია.

უკრაინამ პოლონეთს ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება თავისუფლების დაცვას მოხმარდება.

დღეს პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვივში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვას პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინისთვის თავდაცვის მიმართულებით დახმარების მიწოდებას გააგრძელებენ. 

ლვივში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლვივის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მდგომარეობისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.

 


close დახურვა