თბილისი პრაიდის კვირეულის პირველ, გახსნით ღონისძიებაზე, სადაც ფილმის პრეზენტაცია იმართება, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ. მისულებს შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონია და გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში არიან.
"დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და შესაძლებლობა მაქვს, შევუერთდე ი ბრძოლას, რასაც ლგბტ თემი ეწევა საქართველოში მათი უფლებების დასაცავად. მიხარია, რომ ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ არის ბრიტანული. იმედი მაქვს, რომ ის თქვენთვის საინტერესო იქნება", - ამბობს ბრიტანეთის ელჩი.
ღონისძიებას ასევე სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მანამდე ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ლოკაციაზე ჰომოფობიური პუტინისტური ჯგუფები გამოჩნდნენ. მათ გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისმოდა ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებიც. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციელებისა და აქტივისტების მისამართით ბოთლები, კვერცხები და ქვები ისროლეს.
სამართალდამცველებმა ადგილზე 11 ადამიანი დააკავეს.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.