თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება, სადაც ფილმი აჩვენეს, დასრულდა. ღონისძიების პარალელურად ადგილზე შეკრებილნი არიან ჰომოფობიური პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღონისძიების მონაწილეების მისამართით სხვადასხვა საგნებს ისვრიან.
ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. პოლიციას ცოცხალი კორდონი აქვს მოწყობილი, რათა ღონისძიების მონაწილეები ადგილიდან გაიყვანონ. შენობის შესასვლელთან ასევე გაჩერებულია მიკროავტობუსები, რომლითაც მსურველებს ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ.
ძალადობრივმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებს ცოტა ხნის წინ ქვები დაუშინეს. ტერიტორიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ტოვებენ. პოლიციამ მათაც კორდონი გაუკეთა. მანქანებს ასევე კვერცხებს ესვრიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ გააქტიურდნენ და პოლიციას დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო, რადგან ლოკაციაზე ჰომოფობიური პუტინისტური ჯგუფები გამოჩნდნენ. მათ გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ისმოდა ჰომოფობიური შინაარსის შეძახილებიც. ძალადობრივმა ჯგუფებმა პოლიციელებისა და აქტივისტების მისამართით ბოთლები, კვერცხები და ქვები ისროლეს.
ამ დროისთვის ოფიციალურად 12 ადამიანის დაკავებაა დადასტურებული.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ.
საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.