logo
ENG



პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ რუსეთში შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე საქმე აღიძრა

24 ივნ 202300:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/k7z518dyx5jkkmh.jpg

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებულ ბრალდებებს ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს".

"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს შეერთებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა