logo
ENG



პრიგოჟინი პეტერბურგის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს

29 აგვ 202318:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/29/3ygxvvpgoyhslbu.jpg

ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ვაგნერის დამფუძნებელი სანქტ-პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკრძალვა დახურულ ფორმატში იყო.

"ევგენი ვიქტოროვიჩთან დამშვიდობება დახურულ ფორმატში შედგა. დამშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პოროხოვსკოეს სასაფლაო მოინახულონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდნენ. ამავე დროს, პეტერბურგში სხვადასხვა სასაფლაოზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც ავიაკატასტროფის დროს ვაგნერის სხვა დაღუპული წევრებიც უნდა დაეკრძალათ. 29 აგვისტოს პეტერბურგის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს პრიგოჟინის სტრუქტურების ტომ-მენეჯერი ვალერი ჩეკალოვი.

BBC წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტები სამგლოვიარო კორტეჟებს აკვირდებოდნენ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, სად და როდის დაკრძალავდნენ პრიგოჟინს, უცნობი იყო. 

ჩეკალოვის დაკრძალვაზე, პრიგოჟინისგან განსხვავებით, ჟურნალისტებმა  დასწრება შეძლეს, თუმცა დაბრკოლებებს წააწყდნენ - მსვლელობაზე არ უშვებდნენ და ფოტო-ვიდეოგადაღების უფლებას არ აძლევდნენ.

23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაიღუპა. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა. მგზავრებს შორის იყვნენ ვალერი ჩეკალოვი, ვაგნერის მეთაური დმიტრი უტკინი, დაცვის თანამშრომლები სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი და ნიკოლა მატუსეევი, ასევე სამოქალაქო მფრინავები და ბორტგამცილებელი.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა