logo
ENG



პრობლემები აქვს ყველა ტელევიზიას, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს - მედიაექსპერტები

16 თებ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

"მედიათავისუფლების შეზღუდვა და დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი" - ასე აფასებენ მედიაექსპერტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების გუნდის წევრები ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არასასურველი კადრების დევნასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ. 

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ტელევიზიის საქმიანობაში პოლიტიკური კუთხით ერევიან. 

"ტელევიზია დგას ჩარევის წინაშე და უნდა ითქვას, რომ ჩარევა პოლიტიკური კონტექსტით ხდება. ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ, მას შემდეგ რაც კაპანაძე, ყოფილი დირექტორი იმპიჩმენტით დასაჯეს და კარგი მუშაობისთვის გაუშვეს სამსახურიდან. ეს ძალიან ცუდია. ეს არის ნგრევა, როცა რომელიმე პოლიტიკურ გუნდს უნდა, ჰქონდეს ოაზისი და არავინ აკრიტიკებდეს", - განაცხადა მედიაექსპერტმა

მის აზრს იზიარებს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი. კინწურაშვილის თქმით, ყველა ტელევიზიას, რომელსაც მმართველი გუნდი არ აკონტროლებს, პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. 

"რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ კრიზისის შექმნა ხელოვნურად დაიწყო გასულ წელს. ალბათ ვითარება გამწვავდება და მათ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა რათა იოლად გავიდნენ ფონს", - აღნიშნა კინწურაშვილმა. 

ხვალ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების კიდევ ერთი მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. მანამდე კი მხარდამჭერი აქცია საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართა, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში. 

 


close დახურვა