მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ლაშა ქველაძეს, რომელსაც მარნეულში სცემეს.
გამოძიება მას 29 სექტემბერს მარნეულში, ქართული ოცნების ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობას ედავება. ბრალი წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 162/1 მუხლის 1 ნაწილით, რაც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობას გულისხმობს.
ლაშა ქველაძე ამბობს, რომ 29 სექტემბერს, მარნეულში, ქართული ოცნების ოფისთან მას და მამამისს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, მისი ადვოკატის განცხადებით, პოლიციაში დაიბარეს, რათა დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ და მიანიჭეს კიდეც, მისი ცემის ნაწილში, თუმცა, ამავდროულად, "სიურპრიზი მოუწყვეს" და დააკავეს.
ბრალი წარუდგინა ქართული ოცნების წევრებს, გიორგი შუბითიძეს და გიორგი ჯალაღონიას. მათ ბრალად ძალადობა ედებათ.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს დანიშნულ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ იძალადა ც.ბ.-ს მიმართ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ძალადობა განახორციელა დ.ქ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გ.ქ.-ს მიმართ.
პროკურატურა სასამართლოს მათთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
სექტემბრის თვის ბოლოს ბოლნისსა და მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ისაქტივისტებს.
თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები.