29 სექტემბრის საღამოს მარნეულში, ქართული ოცნების ოფისთან ვითარება დაიძაბა. სავარაუდოდ, საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტების საკითხზე ვერშეთანხმების გამო ქართული ოცნების მხარდამჭერები ენმ-ის წევრებს და მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავს დაესხნენ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრებს, მთავარი არხის ჟურნალისტებს. პირველი არხის ცნობით, სცემეს მათ გადამღებ ჯგუფსაც.
ფორმულამ გაარკვია, ვინ მონაწილეობდა თავდასხმაში:
ამირან გიორგაძე - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი;
ვაჟა შუბითიძე - მარნეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი;
გიორგი შუბითიძე - ქართული ოცნების აქტივისტი;
თემურ შუბითიძე - მარნეულის გამგეობის თანამშრომელი;
შერმადინ ბოჭოიძე, იგივე შერო - მარნეულის საკრებულოს წევრი;
მამუკა ბოჭოიძე - მკლავჭიდელი;
ცოტნე ბოჭოიძე - მკლავჭიდელი;
თამაზ ბოჭოიძე - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში;
ლაშა ჩხიტუნიძე - მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
გიგა ჯალაღონია - მერიის ავტოპარკის სამსახურის უფროსი;
ფორმულა თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანს ელაპარაკა.
ვაჟა შუბითიძემ ფორმულასთან თქვა, რომ ის თავს არავის დასხმია და მხოლოდ გაშველებას ცდილობდა. მისივე განცხადებით, არ დაუნახავს, ვინ დაიწყო ჩხუბი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, თუმცა გაიგო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქართული ოცნების მხარდამჭერებს.
"[ჩხუბის დროს] ვინ ქართული ოცნება იყო, ვინ ნაციონალური მოძრაობა, არ გამირკვევია", - თქვა მან ფორმულასთან.
მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანიზე, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.
ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) განაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.