logo
ENG



პროკურატურაში არის არაერთი ღირსეული ადამიანი-საპროკურორო საბჭო წევრებს ირჩევს

18 ოქტ 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
4fcrrhmyu7sqcx3.jpg

ამ წუთებში საპროკურორო საბჭოს წევრებს ირჩევენ. პროკურორების კონფერენციაზე ხმის მიცემის ფარული პროცედურა მიმდინარეობს. სავარაუდოდ სწორედ ახლადარჩეულ 6 წევრს მოუწევთ შეარჩიონ ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურები, თუკი შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

გენერალური პროკურორის მოადგილეები უარყოფენ ინფორმაციას, რომ შალვა თადუმაძის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა გენერალური პროკურორის ერთ-ერთმა მოადგილემ გიორგი გოგაძემ განაცხადა, რომ პროკურორების თანამშრომლებიდან რამდენიმეს სიამოვნებით გაუწევდა რეკომენდაციას გენერალური პროკურორის პოსტზე და ასევე არ გამორიცხა არც ის, რომ შესაძლოა ამ პოსტზე რომელიმე მოქმედმა მოადგილემაც გადაინაცვლოს.

„პროკურატურაში არის არაერთი ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი კანდიდატურა დააყენოს. რამდენიმე კანდიდატს სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, ამ პოზიციაზე,“ - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ შალვა თადუმაძე გენერალურ პროკურატურას დატოვებს და მოსამართლე გახდება, საპროკურორო საბჭოს ერთთვიანი ვადა მიეცემა, რომ გამართოს კონსულტაციები სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და შეარჩიოს ახალი გენერალური პროკურორობის მინიმუმ 3 კანდიდატი, საიდანაც უკვე ერთს აარჩევს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არაანაზღაურებადია.


close დახურვა