თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ელის, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, მასაც დააკავებენ.
როგორც რამიშვილი ამბობს, ფურცხვანიძე 30 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ადვოკატი დაკავებას სწორედ ამ გეგმას უკავშირებს:
"როგორც შემატყობინეს, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ეს ე.წ. გაყალბებული მე გავასაჯაროე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამაკავებენ აუცილებლად. ჩამომაშორებენ საქმეს და ეს არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ გამოძიება მკვლელებს, დამნაშავე ჯგუფს აფარებს ხელს.
დავით ფურცხვანიძე 30-ში მიემგზავრებოდა შეერთებული შტატებში. იქიდან ჩამოჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომობილი არ იდგა 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე და ყველა ის მტკიცებულებები, რაც აქვს გამოძიებას, არის ყალბი და დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც მფარველობს დღევანდელი გამოძიება და გამოძიების ზევით მდგომი მაღალჩინოსნები", - ამბობს რამიშვილი.
ფორმულას ინფორმაციით, დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა. ამ დრომდე პროკურატურა მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე მიუთითებდა და აცხადებდა, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდებოდა.
პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება.
მიხეილ რამიშვილმა ხსნებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილის თქმით, ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.
18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.
სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.