logo
ENG



რასა იუკნიავიჩენე: მაინტერესებს ნამდვილად აღელვებს თუ არა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა

12 თებ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ლიდერები ახალ ინიციატივას სტრასბურგიდან გამოეხმაურნენ, როგორც ჩანს, დღევანდელი შეთავაზება მხოლოდ შეთავაზებისთვისაა. მმართველი გუნდი ისევ 100-50 ზე მოდელზე საუბრობს. ეს იმ ფონზე, როცა მმართველი პარტიის ლიდერებს სტრასბურგში რამდენიმე დღეა, თავის მართლება უწევთ პოლიტპატიმრების, დემოკრატიის უკუსვლისა და ოპოზიციასთან ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო.

საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა ოპოზიციის პროტესტით დაიწყო. ქართველმა დეპუტატებმა დარბაზში გიგი უგულავას ფოტოები გამოფინეს. სწორედ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური მოტივით დაკავება შევიდა იმ შესწორებების ჩამონათვალში, რომელიც ევროპარლამენტარებმა დეკლარაციაში შესატანად მოამზადეს. სხდომაზე ღიად ითქვა, რომ საარჩევნო კანონის ჩავარდნა ევროპელებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო. 

ასოცირების კომიტეტს ქართული ოცნების წევრებიც ესწრებიან თუმცა, სტრასბურგში მმართველი გუნდის მეორე დელეგაციაც იმყოფება, რომელიც ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავდა. ისინი ცდილობდნენ ევროპელი პოლიტიკოსების დარწმუნებას, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, თუმცა კატი პირის კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთნ შეხვედრის შემდეგ პოზიცია არ შეუცვლია.

„ჩვენ გვქონდა საუბარი მატ შორის უგულავას საქმეზე, ეს არის ახალი გადაწყვეტილება, რომლიც გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ. ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს კოლეგებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ამასთან ერთად მათ შევთავაზეთ, რომ შეიქმნას ფაქტების შემსწწავლელი მისია, რომლიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნიავიჩენე იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და აინტერესებს ნამდვილად აღელვებს თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მნიშვნელოვანი მისთვის ევროპული ღირებულებები.

„არსებობს შეშფოთება, იმედგაცრუება. პირადად მე მიჩნდება კითხვა ნამდვილად აღელვებს თუ არა ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მნიშვნელოვანი ამისთვის ევროპული ღირებულებები, რადგან მისი ბოლო ნაბიჯი პროვოკაციული იყო. რა თქმა უნდა ყველა ფაქტს დეტალურად შევისწავლით. მაგრამ როგორც ჩანს სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამას კი საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც კანონის უზენაესობასთან.  ვშიშობთ, რომ ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები დააზიანებს საქართველოს იმიჯს. დეკლარაციაში ცვლილებები მომზადებულია და პირადად მე მზად ვარ მხარი დავუჭირო“, - განაცხადა რასა იუკნიავიჩენემ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ გზავნილები სტრასბურგიდან საკმაოდ მკაცრია და ხელისუფლებას ღიად ეუბნებიან, რომ მისგან სხვაგვარ ქმედებებს და კანონის უზენაესობის დაცვას ელიან. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომა, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს რიგით მეცხრეა. შეხვედრა ორ დღიანია და ხვალ, ერთობლივი დეკლარაციისა და რეკომენდაციების მიღებით დასრულდება.


close დახურვა