logo
ENG



რა დაუჯდება ბიუჯეტს წინასაარჩევნოდ დაანონსებული სოციალური პაკეტი

06 აგვ 202013:01
3 წუთის საკითხავი
clock 1223
vp9yixo3a91zrod.png

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა. პროგრამის საჭიროება პრემიერმა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნა.

დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:

თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;

18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;

სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოთვლილი სოციალური დახმარებების ბიუჯეტი 485 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 280 მილიონი ლარი კომუნალური გადასახადებისთვის არის გამოყოფილი, 170 მილიონი ლარი - ბავშვების 200-ლარიანი დახმარებისთვის, 35 მილიონი ლარი კი - სტუდენტებისთვის. ამ თანხებში არ შედის იმ თვითდასაქმებულების ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაცია არასრულად წარადგინეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადებული სოციალური დახმარებებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების 200-ლარიანი დახმარების პაკეტის ნაწილი stopcov ფონდიდან დაიფარება, რომელშიც ამ დროისთვის 130 მილიონი ლარია მობილიზებული, დარჩენილი 40 მილიონი ლარი კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 


close დახურვა