logo

რა ვიცით და რა არ ვიცით შაქარაშვილის საქმეზე

clock 0 clock 1901 clock 09 ივლ 202016:08
t1zbxvx9ahil8em.png

გიორგი შაქარაშვილის  ცხედარი არაგვში იპოვეს - 22 ივლისი,  14:02 საათი. 

მას შემდეგ საქმეში უფრო და უფრო მეტი ადამიანი და გარემოება ჩნდება  - წვეულება, ფიზიკური დაპირისპირება აგარაკზე, თბილისიდან ჩასული  „მერსედესის“ და „ტოიოტას“ მგზავრების თავდასხმა და სხვა. დაკავებულია 17 ადამიანი. თუმცა, დღემდე უცნობია, როგორ გარდაიცვალა შაქარაშვილი. ცვალებად გარემოებებთან ერთად კი კითხვების რაოდენობა მხოლოდ იზრდება.

რა ვიცით, რა არ ვიცით და რა კითხვები გვაქვს გამოძიებასთან?

ქრონოლოგია:

წვეულება ნარეკვავის დასახლებაში

ანა გაბეჩავამ მეგობრები მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში დაპატიჟა დაბადების დღის აღსანიშნად  - დაპატიჟებულებს შორის არიან გიორგი  შაქარაშვილი და მისი ახლო მეგობარი, გური ამირხანაშვილი.

სწორედ ნაქირავებ აგარაკზე მოხდა პირველი დაპირისპირება.

გავრცელებული  ვიდეომასალიდან ჩანს, რომ წვეულებაზე შეკრებილი ახალგაზრდები  სახლის  მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. კადრებში აშკარაა, რომ გიორგი შაქარაშვილი  გამშველებლის როლშია.

საბოლოოდ, წვეულებიდან ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად მიდიან - გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ერთად ტოვებენ აგარაკს.

როგორც ირკვევა, წვეულების მონაწილეები ლისზე, ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე აპირებენ წასვლას. „ნახალოვკელები“ კი „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებით თბილისში მოდიან.

 ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი ხუთი ახალგაზრდაც ლისზე აპირებს წასვლას.

რა ხდება გზატკეცილზე - დაპირისპირება #1

წვეულებიდან წამოსული ექვსეული გზატკეცილზე გამოდის იმ იმედით, რომ შემხვედრი ავტომობილებით თბილისში მოახერხებენ ჩამოსვლას. როგორც ირკვევა, მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოდის წვეულებაზე მყოფი ორი ახალგაზრდა.

არაგვის ხიდის კვეთის შემდეგ  ავტოსამრეცხაოსთან  მისულ შაქარაშვილსა და მის მეგობრებს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი უჩერებთ - მანქანაში სხედან ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ორი არასრულწლოვანი და მორაგბე, ნიკა ჟვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე ეს პირები თავს ესხმიან დამხვდურებს. მალევე თავდასხმაში ერთვება ის ორი ახალგაზრდაც, ვინც შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს უკან მოჰყვებოდნენ.

ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე ნიკა ჟვანია, სავარაუდოდ, რკინის მილს ფეხში ურტყამს დიჯეი კოკო ღიბრაძეს, ხოლო გიორგი ქათამაძე დაზიანებების გამო მცირე ხნით გონებას კარგავს.  სახეზე დაზიანებას იღებს ვახო ახვლედიანიც.

კოკო ღიბრაძე მაგისტრალზე გარბის, ტაქსის აჩერებს და ტოვებს ადგილს.  იაკობ ბრეგვაძე იქვე მდებარე მიტოვებულ შენობას აფარებს თავს და რეკავს 112-ში, თუმცა შემდეგ  აუქმებს გამოძახებას, სავარაუდოდ, რადგან 112-მა მის ადგილმდებარეობას ვერ მიაგნო. გიორგი შაქარაშვილი და გუკა ამირხანაშვილი დასავლეთის მიმართულებით გარბიან და შორი-ახლოს ჩერდებიან. დაპირისპირება 2 წუთსა და ნახევარს გრძელდება - შედეგად მძიმე დაზიანებებს იღებს გიორგი ქათამაძე.

„მერსედესის“ მგზავრები და ის ორი ახალგაზრდა, ვინც შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს მოჰყვებოდნენ, ავტომობილში სხდებიან და, მათივე თქმით, თბილისში ბრუნდებიან. მანამდე სავსე მანქანიდან ორ ადამიანს აგარაკთან ჩამოსვამენ.

ისევ გზატკეცილი - დაპირისპირება #2

პირველი ინციდენტის ამოწურვიდან რამდენიმე წამში გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი ბრუნდებიან ნაცემ გიორგი ქათამაძესთან. ახალგაზრდები დაშავებულის დახმარებას ცდილობენ, თუმცა დაპირისპირებიდან ხუთ წუთში საქმეში კიდევ ერთი ავტომობილი ჩნდება - „ტოიოტა ქემრი“.

„ტოიოტადან“ გაჩერებისთანავე გადმოდის ექვსი პირი - მათ შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ახვლედიანი და ქათამაძე საფრთხედ აღიქვამენ და დასავლეთისკენ გარბიან. რადგანაც ქათამაძე ნაცემია, ვერ ახერხებს გზის გაგრძელებას და მაგისტრალის შუაში მოწყობილ კუნძულზე იმალება ბუჩქებში.

გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი გზას კვეთენ. გზის მეორე მხარეს მდგარ ე.წ. ფერად შენობასთან გუკა ამირხანაშვილი იმალება, ხოლო ახვლედიანი და შაქარაშვილი გზას აგრძელებენ.

ახვლედიანის ჩვენებებში ამბობს, რომ შაქარაშვილი მასზე ხუთი ნაბიჯით, ანუ დაახლოებით ხუთი მეტრით წინ გარბოდა. როცა მათ არაგვის ხიდთან ჩაუხვიეს, მალევე ახვლედიანიც გზის ნაპირზე ბუჩქებში იმალება - შაქარაშვილი გზას აგრძელებს.

სად მიდის შაქარაშვილი?

კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს - ახვლედიანის დამალვის შემდეგ, სად მიდის შაქარაშვილი?

ერთ-ერთი ვერსიით, შაქარაშვილი გზას აგრძელებს და მდინარე არაგვის ნაპირზე ჩადის. ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ „პოლიტმეტრში“ ჩატარებული ექსპერიმენტი ამ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან გზიდან არაგვისკენ მიმავალ ბილიკი ციცაბოა. რთული წარმოსადგენია, რომ გაქცეულმა ადამიანმა წარმატებით გაიაროს.

როგორც ცნობილია, შაქარაშვილს თან არ ჰქონდა ტელეფონი, რომ სიბნელეში გზა გაენათებინა, ხოლო იმ ტერიტორიაზე გზის გარეგანათებებს შუქიც ვერ აღწევს.

თუკი არაგვის პირზე ჩასვლის ვერსიას გავყვებით, მივდივართ კიდევ ერთ კითხვის ნიშანთან: გიორგი შაქარაშვილს წყლის შიში ჰქონდა, ხოლო არსებული ვერსიით, მდევრების შიშმა ფეხბურთელი არაგვში შეიყვანა, რასაც მისი სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება - მდინარე არაგვის ნაპირზე, ხიდის ბურჯზე  ნაპოვნია გიორგი შაქარაშვილის ჩანთა. ის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმითაც, დასვრილი არაა. 

როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე კახა სანდოძემ, ახვლედიანის ნაცნობმა ტაქსისტმა წამოიყვანა თბილისში, ხოლო გური ამირხანაშვილი - „ტოიოტას“ მგზავრებმა.

„ტოიოტასთან“ ერთად ამ ეპიზოდში ჩნდება მესამე ავტომობილი - მის შესახებ ვახო სანაიამ ისაუბრა გადაცემა „პოლიტმეტრში“. როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, არაგვის ხიდთან მიდის მესამე ავტომობილი, რომლის წარმომავლობაც, მძღოლიცა და ფერად შენობასთან გაჩერების მიზეზი უცნობია. 

ამ დრომდე დაუდგენელია, ამირხანაშვილი „ტოიოტაში“ საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუ მას იძულებით აღუკვეთეს თავისუფლება. მან ორი სხვადასხვა ჩვენება მისცა.

როგორც კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, ამირხანაშვილი „ტოიოტათი“ დიდუბეში მოიყვანეს, აქ კი ის საქმეში ახლადგამოჩენილი თეთრი მიკროვატობუსის უცნობ მგზავრს ხვდება. ეპიზოდი ოთხი წუთის განმავლობაში გრძელდება. 

საქმეში არსებული მასალებით ჯერ კიდევ დაუდგენელია, რეალურად სად და რა გარემოებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. მისი კვალი არაგვის ხიდის ქვეშ შემოვლით გზაზე იკარგება.

რა ხდება 19 ივნისის გამთენიისას?

როგორც მედიის გავრცელებული ფოტოების საშუალებით გახდა ცნობილი, ნარეკვავის დასახლებიდან წამოსული ახალგაზრდების ნაწილი თემქაზე შეიკრიბა წვეულების გასაგრძელებლად

ანა გაბეჩავას დაბადების დღის აღნიშვნამ სწორედ ზღვის უბანში გადაინაცვლა. ამ წვეულებაზე იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძეც. ფოტოგრაფი აცხადებდა, რომ პატრულმა ის თბილისში ჩამოიყვანა, რის შემდეგაც პირდაპირ სახლში დაბრუნდა, თუმცა გავრცელებული ფოტოები სხვას ამტკიცებს - იაკობ ბრეგვაძე კიდევ ერთ წვეულებაზე იმყოფებოდა.

შეცვლილი ჩვენებები

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩვენებები რამდენიმეჯერ შეიცვალა.

ფეხბურთელის მეგობარი, გური ამირხანაშვილი პირველ ჩვენებაში აცხადებდა, რომ მას თავისუფლება ძალით აღუკვეთეს და ისე ჩამოიყვანეს „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილით თბილისში.

პირველ ჩვენებაში ამირხანაშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ თბილისში წამოსვლაზე დათანხმების ერთ-ერთი მიზეზი შაქარაშვილისთვის საფრთხის არიდება იყო - გაურკვეველია, რატომ უნდა ყოფილიყო შაქარაშვილი სამიზნე. ამირხანაშვილმა ჩვენება შეცვალა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება, რომელიც შეიცვალა, ვახო ახვლედიანისაა. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელსაც, წესით, შაქარაშვილი ცოცხალი ერთ-ერთ ბოლოს უნდა ენახა.

პირველ ჩვენებაში ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილი მის წინ გარბოდა და მის მიერ ბუჩქებში დამალვის შემდეგ მდევრები სწორედ ფეხბურთელს გაეკიდნენ.

მეორე ჩვენებაში ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილი ბოლოს ხიდზე გადმოხვევის მომენტში დაინახა - ფეხბურთელი ჯერ კიდევ გარბოდა. თუმცა ამის შემდეგ, ახვლედიანის თქმით - გიორგი შაქარაშვილი და გუკა ამირხანაშვილი - აღარ უნახავს. ის მდევრებს აღარ ახსენებს.

კითხვები გამოძიებასთან

სპეციალისტები, მედია, საქმის ფიგურანტების ადვოკატები და იურისტები გამოძიების მსვლელობის შესახებ სხვადასხვა კითხვას სვამენ - საბოლოოდ, მივდივართ დაშვებამდე, რამდენად სწორად მიმდინარეობს გამოძიება.

კითხვა #1 - რა მოიმოქმედა იმ საპატრულო ეკიპაჟმა, რომელიც იაკობ ბრეგვაძესთან მივიდა?

როგორც ფოტოგრაფის ჩვენებიდან ირკვევა, მან 112-ში გამოძახება გააუქმა, თუმცა თბილისში სამართალდამცველებმა ჩამოიყვანეს. ამ ეპიზოდში პოლიციელების ქმედებას შსს-ს გენინსპექცია იკვლევს.

იაკობ ბრეგვაძის 112-ში განხორციელებული ზარი კიდევ ერთ კითხვას ბადებს - მივიდა, თუ არა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა?

ფოტოგრაფის ზარის აუდიომასალიდან კარგად ისმის, რომ ახალგაზრდა საუბრობს დაშავებულებსა და სასწრაფოს საჭიროებაზე, თუმცა უცნობია, მივიდა თუ არა ექიმების ბრიგადა არაგვის ხიდთან.

კითხვა #2 - რა მანქანა ფიგურირებს საქმეში, გარდა „ტოიოტასა“ და „მერსედესისა“?

ვახო სანაიას მიერ „ფორმულას“ ეთერში ნაჩვენები გამოძიებიდან და ვიდეომასალიდან ჩანს, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ მიდის კიდევ ერთი ავტომობილი. როგორაა მანქანა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული - გამოძიებას კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

როგორც შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, ავტომობილი ჭიათურის მიმართულებით მოძრავი ე.წ. ხაზის რეისი იყო.

ავტოსადგურ ოკრიბაში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ გვიან ღამით ჭათურისკენ რეისი არ სრულდება და ვერც ეს მიკროავტობუსი იქნებოდა მათ საკუთრებაში.

კითხვა #3 - ვის ესაუბრა გური ამირხანაშვილი დიდუბეში?

ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გური ამირხანაშვილი დიდუბეში ჩამოსვლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,  ოთხ წუთით ხვდება თეთრპერანგიან ახალგაზრდა მამაკაცს. ის ამირხანაშვილის ჩამოსვლის ადგილის სიახლოვეს ჩამოდის მიკროავტობუსიდან.

შსს-ს ინფორმაციით, ეს ადამიანი ლაშა ლურსმანაშვილია. მისი თქმით, ამირხანაშვილმა მობილური სთხოვა, მაგრამ მას დასარეკი ანგარიში არ ჰქონდა, ამიტომ ახალგაზრდას ვერ დაეხმარა. რატომ შეყოვნდნენ ერთად ერთმანეთისთვის უცნობი პირები რამდენიმე წუთს, უცნობია.

კითხვა #4 - რა მოხდა ამირხანაშვილის სამალავ ადგილას?

როგორც ცნობილია, „ტოიოტას“ მგზავრებისგან გაქცევისას გური ამირხანაშვილმა თავი ე.წ. ფერად შენობასთან შეაფარა. თუმცა ამ შენობის მიმდებარე ტერიტორია დამწვარია.

კიდევ ერთი კითხვა სწორედ ამ საკითხზე ჩნდება - რა მოხდა ერთ-ერთი მთავარი მოწმის სამალავ ადგილას და რა ვითარებაში გაჩნდა ცეცხლი გამოძებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე? თან შემთხვევიდან რამდენიმე კვირის თავზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ ცეცხლი მეტალის დამუშავებისას გაჩნდა.

კითხვა #5 - რა დრო გაატარა შაქარაშვილის სხეულმა წყალში?

კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაიწყო მსჯელობა შაქარაშვილის შესაძლო მოკვლისა და მდინარეში ცხედრის ჩაგდების ვერსიაზე.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენი საათი გაატარა ფეხბურთელის სხეულმა მდინარე არაგვში.

კითხვა #6 - გამოძიების მთავარი კითხვაა, რა გარემოებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი?

როგორც ექსპერტები ამბობენ, გამოძიება გარდაცვალებას ისე უყურებს, როგორც უბედურ შემთხვევას. გარდაცვალების ნაწილს სამართლებრივი კვალიფიკაცია არ აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კვალიფიკაცია, შესაძლოა, შეიცვალოს - დამძიმდეს ბრალდება.

პირველ რიგში, ოჯახი და შემდეგ მთელი საზოგადოება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა მიიღო სიცოცხლეშივე, თუ გარდაცვალების შემდეგ.

წინასწარი ინფორმაციით და ზედაპირული დათვალიერებით ექსპერტები ამბობენ, რომ შაქარაშვილს მოტეხილობები არ აღენიშნება. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, შაქარაშვილის ცხედარს ხელი აქვს არაფიზიოლოგიურ მდგომარეობაში, თუმცა ეს მოტეხილობა არ არის.

ექპერტებისვე თქმით, შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნება ტუჩთან ნახეთქი ჭრილობა. ალექსანდრე გეჯაძე საუბრობს ბლაგვი ხასიათის ტრავმასა და სისხლჩაქცევებზე, რაც, სავარაუდოდ, შინაგანი ორგანოების დაზიანებაზე მეტყველებს.

მთავარი ექსპერტიზის პასუხები 10 ივლისს გახდება ცნობილი.

 

ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა