logo
ENG



რა წერია შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მახარაძის ჩვენებაში - ფორმულას ექსკლუზივი

28 ივნ 202014:26
3 წუთის საკითხავი
clock 5151

მცხეთის რაიონული სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ დრომდე მსჯელობს. იმის გამო, რომ 6 ბრალდებული არასრულწლოვანია, სხდომა მედიისთვის დახურულია.

„ფორმულამ“ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე ვასილ მახარაძის ჩვენება მოიპოვა, რომელიც ინციდენტის დეტალებს აღწერს.

მახარაძე საგამოძიებო ორგანოსთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად იხსენებს მომხდარს და აცხადებს, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და ამბობს, რომ მცხეთაში იმყოფებოდა იმისთვის, რომ ახალგაზრდები შეერიგებინა და ვითარება განემუხტა.

„2020 წლის 19 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:15 საათზე, უბანში ყოფნისას ჩემთან მოვიდნენ ჩემ ზემოთ უბანში მცხოვრები ახალგაზრდები, რამდენიმე პიროვნება. ერთს ვიცნობ, ვახო ჩიქოვანი ჰქვია და ეს ბიჭები უბანში მოვიდნენ ამ ვახოს კუთვნილი „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანით. ბიჭებს სახეზე ეტყობოდათ აღელვება, თავად ვახო ჩიქოვანს თავი ჰქონდა გატეხილი. მასთან მყოფ ორ ბიჭს, როგორც მე შევნიშნე, სხეულზე დაზიანებები არ ეტყობოდა. ამ დროს უბანში ვიდექით მე, აჩიკო გაგნიძე და ნიკუშა რევაზიშვილი. ჩვენ ახალგაზრდებს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა მშვიდობა, რა დროსაც ჩიქოვანმა გვითხრა, რომ ის და მის მეგობრებს სცემეს მათი მეგობრის დაბადების დღეზე და გვთხოვა, რომ გავყოლოდით მათ, რადგან ბიჭების განმარტებით, საგურამოში წამოსაყვანი დარჩათ ძმაკაცები, ორი ბიჭი. თბილისიდან საგურამოს მიმართულებით წავედით 6 პიროვნება. მივედით სახლში, სადაც არავინ იმყოფებოდა. ამის მერე ჩავჯექით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ დასავლეთის მიმართულებით, სადაც პირველივე ესტაკადით მოვტრიალდით და წამოვედით თბილისისკენ. ავტობანზე, ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლისა“ და მცხეთის გადასახვევს რომ გავცდით, არმისული ხიდთან, გზის მარჯვენა მხარეს შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პიროვნება. გავაჩერეთ მყისიერად. მუხრუჭის გაგონებაზე ოთხივე გაიქცა, ჩვენ გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ არ გაქცეულიყვნენ და ნურაფრის ეშინოდათ. მე იქვე დავარღვიე, დავატრიალე და გავეკიდე მათ საპირისპირო მიმართულებით, რადგან გვინდოდა ამ ახალგაზრდების შეჩერება და მათთან მშვიდად საუბარი. როდესაც ადგილზე მივედი, დავინახე, რომ ჩემი ეკიპაჟის წევრებს იქვე არსებული ბუჩქებიდან გამოყვანილი ჰყავდათ ერთი პიროვნება, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ. ამ ბიჭის გადმოცემით, მას არანაირ ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა და იყო ფეხბურთელი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყო მასთან მყოფი დანარჩენი სამი პიროვნება, მან განმარტა, რომ სადღაც გაიქცნენ და კონკრეტულ ადგილს ვერ გვეუბნებოდა. ასევე მან თქვა, რომ ის დაბადების დღეზე იყო თავის მეგობართან, გიორგი შაქარაშვილთან ერთად, ხოლო იმ დანარჩენ ორ პიროვნებას არ იცნობდა. ჩვენ ყველამ ამ ბიჭს, რომლის სახელი და გვარი არ ვიცით, ვუთხარით, რომ დაერეკა თავის მეგობართან გიორგისთან და ისიც წაგვეყვანა თბილისში, რაზეც მან განმარტა, რომ გიორგის  თან არ ჰქონდა ტელეფონი. ამის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩავსხედით ავტომანქანაში და წამოვედით თბილისში. ეს ბიჭი მისივე თხოვნით, ჩამოვსვით სამთო ქიმიის მიმდებარედ, რის შემდგომაც წავედით ნახალოვკაში. უშუალოდ ადგილზე რა მოხდა, ჩემთვის უცნობია. მე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი არ ვიცი, არც მიკითხავს“, - წერია ვასილ მახარაძის ჩვენებაში.

ჩვენებაში საუბარია გუკა ამირხანაშვილის თბილისში წამოყვანის ეპიზოდზე. თავად ამირხანაშვილმა ჩვენება ორჯერ მისცა. ადვოკატების თქმით, ის ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ ითხოვა ავტომობილის გაჩერება, რათა მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი და ავტომობილი არ გაუჩერეს. ასევე, ამბობს, რომ ავტომობილში ძალით ჩასვეს. რაც შეეხება მეორე ჩვენებას, მასში ამირხანაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ ზეწოლა ან ძალადობა არ ყოფილა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა