logo
ENG



რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: დამატებითი შეზღუდვები ლოქდაუნად ჩაითვლება

23 ნოე 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/23/g7isgjn1fmpbufi.jpg

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დამატებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. 

როგორც ბურჯანაძემ ფორმულას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ერთერთი შესაძლო შეზღუდვა, რომელზეც ხელისუფლება მსჯელობს - ობიექტების სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვაა. 

მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგივე "ლოქდაუნია".

ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკური მიმართულების მინისტრები ესწრებოდნენ, აზრთა გაცვლა მოხდა, და მორიგი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება. 

"შეხვედრაზე აზრთა გაცვლა უნდა ყოფილიყო და ის მოლოდინი რაც არსებობს კოვიდის განვითარებასთან, მის გაუარებასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია დამატებითი შეზღუდვების შემოღება, რაც სფეროს დიდად არ დააზარალებდა. წინადადებები იყო შემდეგი: მიწოდების სერვისზე [დილივერზე] გადასვლა სრულიად სფეროსი, საუბარია დიდ ქალაქებზე, იქ სადაც 22:00 საათის შემდეგ კომენდანტის საათია დაწესებული; მეორე - სამუშაო საათების შემცირება. მაგალითად დღეს თუ 21:00 საათზე იკეტება ობიექტი, 20:00-ზე დაიკეტოს, და მესამე - შაბათ-კვირის აკრძალვა რესტორნების მუშაობის. ეს იყო სამსჯელო თემა.

მაგრამ ჩემი მხრიდან გაჟღერდა, რომ რეალურად დღეს რესტორნებისთვის ისედაც იმდენად დიდია შეზღუდვები და რთულია ოპერირება, რომ დამატებით შეზღუდვებს სფერო ვეღარ გაუძლებს და ეს არ არის შეზღუდვა, ეს ჩაითვლება ლოქდაუნად. მეტი დამატებითი შეზღუდვების შექმნა არის ლოქდაუნი, მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში პრობლემა ექმნება არა მარტო რესტორნის მეპატრონეს, არამედ დასაქმებულებსაც, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ხელფასს და მათი შემოსავალი ნულს გაუტოლდება. ისინი ელოდებიან ჩვენს შემხვედრ წინადადებას", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

მან ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კოვიდიის გავრცელების პრევენციისთვის, მეტი ყურადღება სწორედ ამ მიმართულებას უნდა მიაქციონ. 

"შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ სავსე რესტორნები აღარ არსებობს, არანაირი ქართული ტრადიციების მიხედვით დროის ტარება რესტორნებში აღარ ხდება. იქაც ვთქვი, რომ ამაზე კი არ უნდა იყოს აქცენტი, აქცენტი უნდა იყოს იმ ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც დღეს პაციენტს ვერ ღებულობს და რომელიც დღეს კოვიდის გავრცელების შესაძლებლობად იქცა, რიგების და ანტისანიტარიის გამო. ეს არის მთავარი და არა დავსდევდეთ შავ კატას ბნელ ოთახში, სადაც კატა არ არსებობს", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. გარდა ამისა, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც. შეზღუდვები შეეხო კვების ობიექტებსაც, რომლებსაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ მთავრობას არ დაუკონკრეტებია, როდემდე გაგრძელდება ხსენებული შეზღუდვები. 

ფორმულას ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ტრანსპორტის მოძრაობას შეზღუდვები შეეხება. 


close დახურვა