საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა აღდგენილია.
რკინიგზა ასევე აცხადებს, რომ უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეფერხება მათგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა გამოიწვია, მგზავრებს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებენ.
„ძვირფასო მგზავრებო, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური” - წერია განცხადებაში.
დღეს საღამოს საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთში ძლიერი წვიმების გამო ლიანდაგები დაიტბორა, რის გამოც ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეჩერდა.
რკინიგზის ცნობით, სოფელ ბაბის მიმდებარედ ლიანდაგების დატბორვის შედეგად ჩამოიშალა ნიადაგიც, რის გამოც ორივე მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობის შეჩერება გახდა საჭირო.