ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში მონაწილეობას აპირებს, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს სხვადასხვა რიტუალის ჩატარებას.
"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში," - ნათქვამია განცხადებაში.
გირჩში აცხადებენ, რომ შეხვედრების ორგანიზებას მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების გამოცდილების მქონე კომპანიები გაუწევენ.
"შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალის ჩატარებას.
რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა", - აღნიშნულია "გირჩის" განცხადებაში.
10 სექტემბრიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება. აკრძალვა ღონისძიების აღნიშვნის ნაწილს ეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.
ამავდროულად, საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით, საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას არ ეხება, რადგან ამკრძალავი ღონისძიებები საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ამკრძალავი ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.