logo
ENG



რუსეთის თავდაცვა ვაგნერელებს მოუწოდებს, "შეიარაღებულ აჯანყებაში" მონაწილეობაზე უარი თქვან

24 ივნ 202310:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/05glpungfv4voe6.jpg
Stringer/Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთში არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "შეიარაღებულ აჯანყებას" უწოდებს. რუსული უწყება "ვაგნერელებს" მოუწოდებს, მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ.

"თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა საკუთარი შეცდომა გაიაზრა და მუდმივი განლაგების პუნქტში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით, დახმარება ითხოვა.

გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა, დაუკავშირდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველას უსაფრთხოების გარანტიებს გაძლევთ", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

პარალელურად, ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე კონტროლი აიღეს. მისივე თქმით, მისმა სამხედროებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ამასთან, როგორც კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს ხანებში მიმართვა ექნება. 

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა