რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნით დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინელი აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქციას უერთდებიან ადგილობრივი ორგანიზაციებიც.
"ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.