logo
ENG



რუსეთის უზენაესმა სასამართლომ "ლგბტ მოძრაობა" აკრძალა

30 ნოე 202317:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/30/o6r3xrjruigkqjt.jpg

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე "ლგბტ მოძრაობა" ექსტრენმისტულად გამოაცხადა. როგორც მედიაზონა წერს, სარჩელს მოპასუხეების გარეშე განიხილავდნენ და სხდომას მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომა 4 საათს გაგრძელდა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც დარბაზში ჟურნალისტები გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეუშვეს. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობის" ექსტრემისტულად გამოცხადებასთან დაკავშირებით 17 ნოემბერს მიმართა. ამას წინ უძღოდა ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ არაერთი რეპრესიული კანონის მიღება, მათ შორის ე.წ. ლგბტ პროპაგანდის, დოკუმენტებში სქესის შეცვლისა და ტრანსგენდერთა ტრანზიციის ფაქტობრივი აკრძალვა.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, სარჩელის შეტანის მომენტში არავითარი "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა" არ არსებობდა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ "ლგბტ მოძრაობის" აკრძალვა სამომავლო რეპრესიებს ჩაუყრის საფუძვლებს. 29 ნოემბერს ლგბტ-აქტივისტების ჯგუფმა "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობის" დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რათა უზენაეს სასამართლოში ინტერესების დაცვის საშუალება ჰქონოდათ.

ოთხშაბათს რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უზენაესს სასამართლოს მიმართეს, რათა არ დაეკმაყოფილებინა სამინისტროს მოთხოვნა. ისინი მიუთითებენ სარჩელის ანტისამართლებრივ ხასიათზე, რადგან "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა" როგორც იურიდიული პირი არ არსებობს.


close დახურვა