რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულები ფრენები მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფრენებს ავიაკომპანია Red Wings შეასრულებს, რეისები ქუთაისის მიმართულებით 31 ოქტომბერს, თბილისის კი - 2 ნოემბერს დაიწყება.
ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები 2019 წლამდე სრულდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო - თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.
სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც - ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.