logo
ENG



რუსეთმა და ჩინეთმა ღაზაში "ჰუმანიტარული პაუზის" მოწოდებაზე პროექტს გაეროში ვეტო დაადეს

26 ოქტ 202300:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/26/b8ysp1yn963n4il.jpg

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების სხდომაზე აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციას ვეტო დაადეს. პროექტში საუბარი არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე და აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს ღაზის სექტორში "ჰუმანიტარული პაუზის" აუცილებლობას, რათა ადგილზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საჭირო დახმარება შევიდეს. რეზოლუციას მხარი ასევე არ დაუჭირა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ხმა მისცა ათმა წევრმა, ხოლო ორი წარმოდგენილი არ იყო.

სხდომაზე კენჭი უყარეს რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციასაც, რაც ასევე დაიბლოკა. აქ აღნიშნულია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა გასულ კვირას წარდგენილი პროექტისგან განსხვავებით, მითითებულია, რომ ჰამასის თავდასხმებს გმობენ.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა