logo
ENG



რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის "რეფერენდუმის" საკითხზე ხვალ კონსულტაციები გაიმართება

13 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/13/1a5xgkttnnvdur6.png

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მოსკოვში, 14 ივნისს კონსულტაციები გაიმართება.

მარიონეტული რეჟიმის დელეგაციის სათავეში ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი იქნება.

"სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით გაემგზავრა მოსკოვში, კონსულტაციებისთვის, რომელიც რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს ეხება. კონსულტაციები ხვალ, 14 ივნისს გაიმართება. დელეგაციის წევრები ასევე არიან: პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცესკოს თავმჯდომარე ემილია გაგიევა, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი", - აცხადებენ ოკუპირებულ ცხინვალში.

***

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის" ჩატარება დროებით შეაჩერა. როგორც გაგლოევმა მაშინ აღნიშნა, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებამდე "მხარეებს შორის კონსულტაციები უნდა გაიმართოს". 

13 მაისს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იქნებიან ერთად. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი". 

 

 
 

close დახურვა