logo
ENG



რუსული მედიის ცნობით, პუტინი "სამუშაო ვიზიტით" მარიუპოლში იმყოფებოდა

19 მარ 202311:07
3 წუთის საკითხავი
clock 201

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია RIA Novosti ავრცელებს.

მედია წერს, რომ პუტინი იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა და ქალაქის გარშემო უბნები მანქანით დაათვალიერა. რუსული მედია ამტკიცებს იმასაც, რომ პუტინი ნევსკის რაიონში ადგილობრივებს გაესაუბრა და ერთ-ერთი ოჯახის "მიწვევით" მათ სახლს ესტუმრა. გამოცემას არ მიუთითებია პუტინის ვიზიტის ზუსტი თარიღი.

მარიუპოლი დონეცკის ოლქში, აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის რუსეთის კონტროლის ქვეშ 2022 წლის მაისიდანაა. მარიუპოლი ომის დაწყების შემდეგ უკრაინელების წინააღმდეგობისა და გამბედაობის სიმბოლოდ იქცა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ სევასტოპოლში "კორსუნის" სამხატვრო სკოლისა და საბავშვო ცენტრის შესამოწმებლად ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, პუტინის ყირიმში ჩასვლა, სავარაუდოდ, ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავს უკავშირდება.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.


close დახურვა