საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკვირაო წირვა ტაძრებში საეკლესიო წესების სრული დაცვით ჩატარდა, თუმცა საერო რეკომენდაციებისა და წესების დაცვა ვერ მოხერხდა. ხალხმრავლობის გამო, სამების საკათედრო ტაძარში მრევლმა უსაფრთხო დისტანციის დაცვა ვერ შეძლო.
ღვთისმსახურება სამების ტაძარში 3 საათს გაგრძელდა. მჭიდრო რიგები იყო ხატებთან და ზიარების დროს. სასულიერო პირებმა მრევლი კვლავ ტრადიციული წესით, საერთო კოვზით აზიარეს. ტაძრის ეზოდან ღვთისმსახურებას დღეს მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე ისმენდა.
გარდა ამისა, ტაძარში დღეს პოლიცია გამოიძახეს. როგორც გაირკვა, უსაფრთხოების საგანგებო წესების უზრუნველყოფის მიზნით სამართალდამცველებს ერთ-ერთმა მოქალაქემ დაურეკა. საკურთხეველი და ტაძარი ახსნა-განმარტებების გარეშე დატოვეს, თუმცა მღვდელმთავრებმა აღიარეს, რომ პოლიციამ ისინი ხალხმრავალი თავშეყრის გამო გააფრთხილა. ჯარიმა არ დაუწერიათ.
მღვდელმთავრების ნაწილმა მთავრობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ საგანგებო მდგომარეობა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად გამოაცხადა. ხალხმრავალი წირვა-ლოცვის შეჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სასულიერო პირები და მრევლი ეკლესიებში საკუთარ უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფენ.
ეკლესიების ნაწილი დღეს სავსე იყო, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინეს ფოთის ეპარქიაში და წირვა საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
საქართველოში მოქმედი ეპარქიებისგან განსხვავებით ეკლესიებში შეკრებებს და ხალხმრავალ წირვა-ლოცვებს დროებით წყვეტს ევროპის და ამერიკის ქართული ეპარქიები. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა საჯარო ვიდეომიმართვას ავრცელებს და მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ დღეს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ დაიცვან საკუთარი და სხვების უსაფრთხოება, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხალხმრავალ თავყრილობებს კრძალავს. სანამ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ საპატრიარქოში მივიდოდა და სინოდის წევრებს შეხვდებოდა, საჯაროდ თქვა, რომ შეზღუდვა ყველას და ყველაფერს შეეხებოდა. თუმცა, ტაძრებში დღეს დილიდან ხალხმრავალი ღვთისმსახურება ჩვეულ ფორმატში ჩატარდა.