საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 თვით გადაიდო.
ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, ასევე 1 თვით გადავადდა სავალდებულო ჯარში გაწვევაც. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლა გადაიდო 1 თვით. ასევე 1 თვით გადავადდება, 13 აპრილამდე საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით საქართველოში სულ 24 ადამიანია ინფიცირებული.