ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი არ მოითმენს რუსეთის ბირთვულ თავდასხმებს არც ერთი ფორმით. შესაბამისი განცხადება სალივანმა CNN-ის ეთერში გააკეთა.
ჟურნალისტმა სალივანს ჰკითხა - განსხვავებული იქნება თუ არა აშშ-ს პასუხი, თუ რუსეთი გამოიყენებს მხოლოდ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ან განახორციელებს ფართომასშტაბიან ბირთვულ შეტევას.
სალივანის თქმით, ამერიკამ ნატოსთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რუსეთს უნდა გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მან უკრაინასთან ომში ბირთვული იარაღი არ უნდა გამოიყენოს.
"ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ბრძოლის ველზე - ეს არის ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ბრძოლის ველზე, და ჩვენ არ ვიმოქმედებთ აქ ეტაპობრივად. შეფასება, რომ არსებობს სხვაობა ბირთვული იარაღების გამოყენებას შორის, სახიფათოა. ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ვალდებულება, იმუშაოს ნატოს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და სხვა პასუხისმგებელ ქვეყნებთან მთელს მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთთან და ინდოეთთან, გაუგზავნოს ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილი რუსეთს, რომ მათ არ უნდა განიხილონ ბირთვული იარაღის გამოყენება ამ კონფლიქტში", - თქვა სალივანმა.
მანამდე Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშინგტონი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს აფრთხილებს სავალალო შედეგების შესახებ, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.