საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი მიიღო - მას ყველანაირი მღვდელთმსახურების უფლება ჩამოართვეს, თუმცა არა დროშის დაწვისთვის.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცქიფურიშვილის მიერ "გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები იყო, რაც კანონიკური დარღვევაა".
"ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა", - წერია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.
შესაბამისი გადაწყვეტილება 26 დეკემბერს, საპატრიარქოს სინოდალურ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, პატრიარქის ქორესპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, დეკანოზები მიქაელ ბოტკოველი და ლონგილოზ სუარიშვილი ესწრებოდნენ.
კომისიის დასკვნაში წერია, რომ დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი არაერთხელ გააფრთხილეს.
***
სპირიდონ ცქიფურიშვილი ის სასულიერო პირია, რომელიც 5 ივლისს ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდა. ის ანტიევროპული განცხადებებითა და ქმედებებით გამოირჩევა - სპირიდონ ცქიფურიშვილი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის დროშა დაწვა და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.