ქართული ოცნების დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის თქმით, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისას პოლიციის არასაკმარისი რაოდენობა იყო მობილიზებული.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მოვლენების ამგვარი განვითარება "მოულოდნელი იყო".
"5 იქნება, 25 თუ 125 ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ [ძალადობის] არც ერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების და სათანადო სამართლებრივი პასუხის გარეშე. იმ დროს, როცა ეს ინციდენტები დაიწყო, ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი მოვლენების ასე განვითარება, შესაბამისად პოლიციელების ის რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ უზრუნველეყო აბსოლუტური დაცვა ჟურნალისტების უსაფრთხოების და სხვა ადამიანების. მყისიერი იყო რეაგირება ესეც უნდა ვთქვათ და ძალიან სწრაფად რაოდენობა შეიქმნა ისეთი, რომელმაც შემდგომ ესკალაცია გამორიცხა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბული იყო 6 ივლისსაც. მედიაზე ძალადობის გამო პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დაანონსების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.