logo
ENG



სასამართლომ ვეგანი პატიმრის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

13 ივლ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის საქმეზე ვეგანობის გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ყოფილი პატიმრის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

საიას ინფორმაციით, 2019 წელს მოსარჩელე მოათავსეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებაში. ციხეში მოხვედრისთანავე, მან ადმინისტრაციას აცნობა, რომ იგი არის ვეგანი (ამდენად, იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით) და ითხოვა სპეციალური კვების რაციონით უზრუნველყოფა.

"სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, დაწესებულებაში ვეგანებისთვის არ არსებობდა მათ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეგანი პატიმარი იძულებული იყო, ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვებიდან აერჩია მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რაც თავსებადი იყო მის მსოფლმხედველობასთან, რის შედეგადაც იგი ვერ იღებდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საკმარის კომპონენტებს (ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს). ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დავობდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში, იგი იყო ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


close დახურვა